მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი სოფელ მარეთიდან
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი სოფელ მარეთიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.

„ახალი კლასტერი, ახალი წყარო ქვეყანაში არ გვაქვს. 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჩვენ გუშინ მივიღეთ ექვსი დადასტურებული შემთხვევა. აქედან ნაწილი არის მარნეულის სოფელი მარეთიდან და ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაია ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 78.5 პროცენტით მეტია ამჟამად მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვზე.

ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს კვლავ სამი პაციენტი ჰყავს მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის მონაცემებს, თუ აქაც გაუმჯობესება იქნება, ალბათ მძიმეთა სიიდან ამოვიღებთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტებია“,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ახალი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქად ფასდება, თუმცა მათ გაფართოებული კვლევები ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, საბურთალოს კლასტერის 11 ახალი პაციენტიდან შვიდი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.