მარინა ეზუგბაია - ყველაზე უტყუარი და მყარი თავდაცვაა, ვატაროთ პირბადე იქ, სადაც საჭიროა
მარინა ეზუგბაია - ყველაზე უტყუარი და მყარი თავდაცვაა, ვატაროთ პირბადე იქ, სადაც საჭიროა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მყისიერი და თანაზომიერი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება მაღალი არ არის.

„თვეზე მეტია, რამდენიმე კერა გვქონდა, მესტიის მუნიციპალიტეტი, ასევე ყაზბეგი, ქობულეთი და გარდაბანი. კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მეტი ნაწილი მაინც მესტიასთან არის დაკავშირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ასეთი მყისიერი და თანაზომიერი მუშაობის შედეგად დასახელებული კერები მინიმიზირებულია და ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების მატება თითქმის ხუთიდან შვიდს არ აღემატება. ყველაზე მაქსიმუმი ბოლო ხანებში 11 გვაქვს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საქართველოში დღესდღეობით არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესანარჩუნებლად, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

„იმედია, ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვს არ გადასცილდება, თუ შემთხვევით ქვეყანაში არ გაჩნდება ახალი კერა. ამისათვის აუცილებელია სოციალური დისტანცირება და პირბადეების ტარება. იქ , სადაც სოციალური დისტანცირება შეუძლებელია, დახურული სივრცე იქნება და თუ ღია, აუცილებელია, პირბადის ტარება. საბოლოო ჯამში, ყველაზე უტყუარი და ასეთი მყარი თავდაცვა თითოეული ჩვენგანისთვის არის, ვატაროთ პირბადე იქ, სადაც საჭიროა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.