მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული სამი კოვიდინციფირებულის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

„ჩვენს ცენტრში სამი საყურადღებო, პრობლემური პაციენტია. სამივე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს. მთელი დღე-ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა არც ერთთან, მაგრამ  მდგომარეობა ჯერ სერიოზული და მძიმეა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კიდევ სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„დანარჩენი სამი, როგორც გუშინვე მოგახსენეთ, უკვე გაუმჯობესებულია. ალბათ რამდენიმე დღეში უკვე შეიძლება, რომ მძიმე პაციენტებად აღარც განვიხილოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად კლინიკაში დაახლოებით 14 პირისთვის, მათ შორის რამდენიმე მედიკოსისთვისაც კორონავირუსზე ტესტის ჩატარება იგეგმება.

„დღეს ვატარებთ კიდევ მონიტორინგს პაციენტებზე, რომლებსაც  გამოჯანმრთელებისთვის ტესტირება ეკუთვნით. ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. ჩვენთან ამჟამად რვა საეჭვო პაციენტია, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტესტირება. პარალელურად, ორ კვირაში ერთხელ ხდება მედპერსონალის ტესტირება. ჯამში 14 პაციენტის ტესტირება გამოგვდის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.