მარინა ეზუგბაია - შიდა გადაცემაზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად კვლავ განიხილებიან პირები, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია და ინფიცირებულთან კონტაქტი აქვთ
მარინა ეზუგბაია - შიდა გადაცემაზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად კვლავ განიხილებიან პირები, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია და ინფიცირებულთან კონტაქტი აქვთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები უცვლელია.

ეზუგბაიას განმარტებით, კვლავ ვირუსის შესაძლო შემთხვევად განიხილებიან ადამიანები, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ ან დადასტურებულ ინფიცირებულ შემთხვევასთან კონტაქტი ჰქონდათ.

ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის გარდა ბევრი სხვა ვირუსი ცირკულირებს და მოქალაქეები შესაძლოა, ავად ამ ვირუსების გამო გახდნენ.

„არ შეცვლილა ჯერჯერობით რეკომენდაციები, რადგან შიდა გადაცემაზე ჯერჯერობით არ ვლაპარაკობთ. ეს ინფორმაცია გაჟღერდება მაშინვე, როგორც კი ასეთი მდგომარეობა ცნობილი გახდება. ეს უნდა გააკეთოს შესაბამისმა სამსახურმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ გვაქვს. შესაბამისად, ყველა პორს, რომელსაც აქვს ცხელება ან მინიმალური რესპირატორული გამოვლინებები, ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია, მოგზაურობის ისტორია ჰქონდეს ან იყოს კონტაქტი ინფცირებულ პირებთან, ანუ დადასტურებულ პირებთან. ჯერჯერობით, ასეთი პირები განიხილებიან, როგორც შესაძლო შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსის გარდა ცირკულირებს ძალიან ბევრი ვირუსი, განსაკუთრებით, ვიცით, რომ ა ტიპის გრიპის ვირუსია, რომელიც ორი სახისაა, ყოფილი H1N1 და სეზონური გრიპი, ბ ტიპის გრიპის ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვა. ამიტომ საქართველოს მოქალაქეები ავად შეიძლება გახდნენ ნებისმიერი ამ ვირუსით. ავადმყოფობის შემთხვევაში, როცა ადამიანს დაეწყება ტემპერატურა და რესპირატორული სინდრომი, სურდო, ხველა სუნთქვის გაძნელება, შემცივნება,სახსრების, თავის, ყელის ტკივილი, ასეთ პაციენტებთან არ არის საფიქრებელი კორონავირუსი, თუ მათ არ აქვთ მოგზაურობის ისტორია და არ აქვთ კონტაქტი დადასტურებულ კორონავირუსით დაავადებულებთან“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.