მარინა ეზუგბაია - „პისიარ“ ტესტის მგრძნობელობა არის 85 პროცენტი, გადამოწმება შეიძლება სეროლოგიური კვლევით, ასევე საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება 
მარინა ეზუგბაია - „პისიარ“ ტესტის მგრძნობელობა არის 85 პროცენტი, გადამოწმება შეიძლება სეროლოგიური კვლევით, ასევე საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება 

პისიარ“ ტესტის ყველაზე მაქსიმალური სენსიტიური მგრძნობელობა არის 85 პროცენტი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა კითხვაზე, იძლევა თუ არა „პისიარ“ ტესტი სრულყოფილ პასუხს ახალ კორონავირუსზე.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი სამი თვეა, მიმდინარეობს და სიახლეს არ წარმოადგენს.

„ეს სიახლე არ არის, ამას ვსაუბრობთ სამი თვეა. არ არის ახალი ინფორმაცია, ამიტომ ამაზე აქცენტირება მაინცდამაინც დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობით არ არის. ყველა ტესტს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს. „პისიარ“ ტესტის ყველაზე მაქსიმალურით, სენსიტიური მგრძნობელობა არის 85 პროცენტი, დიახ, ასეა. ამიტომ მარტო „პისიარ“ ტესტირება არ არის საკმარისი. მასთან ერთად, საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება – ცხოვრების ჩვეულებრივი ანამნეზი, ეპიდემიოლოგიური ანამნეზი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან განმარტა, რომ ტესტირება ინფექციის დამადასტურებელია და ასევე აღნიშნა, რომ გადამოწმება შესაძლებელია სეროლოგიური კვლევით.

„საერთოდ, როცა ვსაუბრობთ კოვიდინფიცირებაზე, ტესტირება არის დამადასტურებელი. გამოვთქვამთ ეჭვს, პაციენტს ხომ არა აქვს არსებული მონაცემების გათვალისწინებით კოვიდინფექცია, მაღალი ეჭვი შეიძლება, იყოს. ამ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია „პისიარ“ ტესტირება უარყოფითი იყოს და მოხვდეს იმ მედიანაში, 15 პროცენტში, არსებობს კლინიკა, არსებობს სეროლოგიური კვლევები და მისი გადამოწმება შეიძლება. ამ ცდომილების გადაფარვა თავისუფლად ხდება ყველა მონაცემის შეფასებითა და შეჯერებით. მოდით, ასე ვთქვათ, ამ 15-პროცენტიან ცდომილებას ფარავს ექიმის უნარ-ჩვევები და მისი პროფესიონალიზმი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ეს არის ოქროს სტანდარტი და დანარჩენი სახის ტესტი არის დამხმარე.

„ეს არის ოქროს სტანდარტი. დანარჩენი ტესტი არის დამხმარე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ოქროს სტანდარტთან ერთად არის პროფესიონალიზმი, უნარ-ჩვევები და კვლევის სხვა მეთოდები. თუ მაღალი ალბათობით ეჭვი გვაქვს, რომ არის კოვიდინფიცირებული, მაგრამ „პისიარ“ ტესტირებით მივიღეთ ნეგატიური პასუხი, უნდა ჩავრთოთ სხვა მონაცემებით კორელაცია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიმ.