მარინა ეზუგბაია - პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, პაციენტი პაციენტია, მას არ სჭირდება სხვა კრიტერიუმები
მარინა ეზუგბაია - პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, პაციენტი პაციენტია, მას არ სჭირდება სხვა კრიტერიუმები

პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესსა და ასაკზე ვლაპარაკობთ, პაციენტი პაციენტია, მას არ სჭირდება სხვა კრიტერიუმები, ჩვენი მეგობარი იქნება, თუ მტერი, ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, „ექიმმა დავით ნანობაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა განცხადება, რომ თუ ნიკა გვარამია დაინფიცირდება, მას ექიმები არ უმკურნალებენ, რატომ აკეთებს ექიმი ასეთ განცხადებას და უნდა იყოს თუ არა ექიმისთვის პაციენტი შერჩევითი“.

ეზუგბაიას თქმით, წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს.

„ჯერ ერთი, გილოცავთ დღეს უდიდეს დღესასწაულს, რომელსაც ბზობა ქვია და ქრისტიანი ადამიანი არასოდეს უარს არ ამბობს და მითუმეტეს ქრისტიანი ექიმი. რას ნიშნავს ეს? მტერი უნდა გიყვარდეს შენიო და მითუმეტეს პაციენტი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანია და სჭირდება დახმარება. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესზე ვლაპარაკობთ, არც ასაკზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტი პაციენტია, მას არ ჭირდება სხვა კრიტერიუმები. ის არის ავად და ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ, არ აქვს მნიშვნელობა ის ჩვენი მეგობარი იქნება, თუ მტერი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.