მარინა ეზუგბაია - მართალია, დადასტურებული შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ ვითარება ზომიერი და კონტროლირებადია
მარინა ეზუგბაია - მართალია, დადასტურებული შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ ვითარება ზომიერი და კონტროლირებადია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსის სტატისგიკის მატებისა, ვითარება ზომიერი და კონტროლირებადია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდის სამკურნალო ცენტრებში 192 პაციენტი მკურნალობს.

„სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ გრძელდება მართალია დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ზომიერი და კონტროლირებადია. გუშინ დილას იცით, რომ იყო 233 დადასტურებული პაციენტი, სამი როგორც იცით არის შემოტანილი დადასტურებული, რომელსაც ამ 233-ს არ ვათვლით და ცალკე გვაქვს. ამ 233-ს დაემატა 19 პაციენტი და დღეს დილისთვის გვაქვს 252. ამ 252-ში უკვე 60 გამოჯანმრთელებულია ქვეყნის საერთო მაჩვენებლით და მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი გამოჯანმრთელებული. გუშინ ჩვენ ოთხი პაციენტი დაგვემატა. თუ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გამოვაკლებთ აი ამ 252-ს, გამოდის, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კოვიდის სამკურნალო ცენტრებში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ბათუმიდან ჩამოყვანილი კოვიდინფიცირებული დედა-შვილის მდომარეობა სტაბილურია.

„ბათუმიდან დედა-შვილი უკვე გადმოიყვანეს ჩვენთან, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მდგომარეობა ისეთია, რომ დაავადების პროგრესირებას არ ველით, თუმცა ჩატარებული გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დაგვაზუსტებინებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით. ამ ორის გარდა, ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.