მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტია მოთავსებული.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, გუშინ ექვსმა პაციენტმა დატოვა კლინიკა და ისინი გადაყვანილი არიან საკარანტინო სივრცეში.

„გუშინ შემოვიდა 17 პაციენტი. ამათგან კვლევა ჩაუტარდა 11 და პასუხები უარყოფითია. დანარჩენების ანალიზები სავარაუდოდ შუადღისთვის იქნება ცნობილი. სიტუაცია ჩვენს სტაციონარში სტაბილურია და ვაკონტროლებთ სიტუაციას. კორონავირუსიანი პაციენტის მდგომარეობა დღესაც უცვლელად სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს. მას ყოველდღიურად უტარდება ლაბორატორიული კვლევა, რასაც ჰქვია სისხლის საერთო ანალიზი და ამ დაავადების კრიტერიუმების შემაფასებელი გამოკვლევები. გუშინდელი კვლევებითაც სტაბილურია სიტუაცია, გართულება არ აქვს. 20 ბოქსი 20 პაციენტს არ ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია სამი პაციენტი დავაწვინოთ ერთად“, – განაცხადა ეზუგბაიამ.