მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენ პაციენტებში, საბედნიეროდ, სტაბილური ვითარებაა
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენ პაციენტებში, საბედნიეროდ, სტაბილური ვითარებაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება ამ ეტაპზე არ აღინიშნება.

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით გამოხატული კლინიკით მაინც ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. მას დღეს კიდევ განმეორებით ჩაუტარდება დამადასტურებელი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. სტაბილურია უკვე მეორე, მესამე დღეა, რაც იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ დაავადების პროგრესირება ალბათ არ მოხდება.

რამდენიმე ძველ პაციენტთან, სადაც გასულია ჩვენთან ყოფნის 12-13 დღე, შეიძლება ვილაპარაკოთ დასტაბილურებული სიტუაციის შემდეგ ალბათ გაუმჯობესებაზე. დანარჩენ პაციენტებში ჯერჯერობით სიტუაცია მართვადია, შეფასებით ნაწილში ლაბორატორიულად რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება, გამოხატული კლინიკაც არ პროგრესირებს და დიდი ალბათობით, დინამიკაში სიტუაცია უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ნომერ მესამე პაციენტს, რომელთან დაკავშირებითაც პირველ ჯერზე მიღებულია უარყოფითი პასუხი, ეზუგბაია ამბობს, რომ ტესტი კვლავ მოწმდება.

მისივე თქმით, პაციენტი ჯერ კლინიკას ვერ დატოვებს.

„ჯერჯერობით ტესტი კიდევ მოწმდება. ამ ეტაპზე ჯერ ეს პაციენტი არ დატოვებს კლინიკას იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის საკარანტინო ვადა რასაც ჰქვია, არ არის გასული. ადრე იყო ლაპარაკი 14 დღეზე, დაავადების პროგრესირების ყველაზე მსუბუქი შემთხვევებში, გაიზარდა 20 დღემდე. აქედან გამომდინარე, ამ პაციენტისთვის ჯერ არ არის გასული ეს ვადა. ჯერჯერობით გააგრძელებს ჩვენთან დაკვირვებას და როცა გვექნება საბოლოო პასუხი, გავწერთ ბინაზე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი წევს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.