თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი პაციენტებიდან ერთი სომხეთიდან არის შემოსული, ორი საფრანგეთს უკავშირდება, მეოთხეს წყარო კი ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი პაციენტებიდან ერთი სომხეთიდან არის შემოსული, ორი საფრანგეთს უკავშირდება, მეოთხეს წყარო კი ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექოტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი შემთხვევა საფრანგეთს უკავშირდება, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყარო ბოლომდე დადგენილი არ არის.

„ერთი სომხეთიდან შემოსულია, ორი თუ არ ვცდები შემოტანილია საფრანგეთიდან და მეოთხეს წყარო ჯერჯერობით ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ვითარება ფართო გამოკვლევების შემდეგ უფრო ზუსტად შეფასდება.

„შემოსული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ. მიღებული მონაცემებით და პაციენტის მდგომარეობის შეჯერებით შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარეობა და მოგახსენებთ დინამიკაში“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.