მარინა ეზუგბაია - ეპიდემიური ვითარება ჯერჯერობით კონტროლირებადია, თუ შევინარჩუნებთ, ზომების გამკაცრების აუცილებლობაც არ დადგება
მარინა ეზუგბაია - ეპიდემიური ვითარება ჯერჯერობით კონტროლირებადია, თუ შევინარჩუნებთ, ზომების გამკაცრების აუცილებლობაც არ დადგება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია.

თუმცა, მისივე თქმით, ზომების გამკაცრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროცესები განვითარდება დინამიკაში.

„ჯერჯერობით ვხედავთ, რომ კონტროლირებადია სიტუაცია. აქედან გამომდინარე, გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ალბათ სიტუაციიდან გამომდინარე იქნება. თუ შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, ალბათ ამის აუცილებლობა არ დადგება. ვნახოთ, დავაკვირდეთ დინამიურად პროცესებს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო 24 ახალი დადასტურებული პაციენტი. საბედნიეროდ, ნელ-ნელა, დინამიკაში ვხედავთ, რომ კლების პროცესია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც მათ ჩვევიათ, არაჩვეულებრივად მუშაობს, ხდება დადასტურებული შემთხვევების მკაცრი კონტროლი. ანუ, კონტაქტების მოძიება და მათი კვლევა, იზოლაციაში გადაყვანა. ეს არის მთავარი პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კარგად კეთდება – სწორად და დროულად გამოვლენილი პაციენტების გადაყვანა სტაციონარში. ამიტომაც არის, რომ საბედნიეროდ, ჩვენთან მძიმე პაციენტთა ხვედრითი წილი დაბალია. ეს უკვე სტაციონარების კარგად მუშაობის შედეგია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.