მარინა ეზუგბაია - ეპიდემიური კუთხით საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ, შევასრულოთ რეგულაციები, რათა შემთხვევების ზომიერი მატება შენარჩუნდეს
მარინა ეზუგბაია - ეპიდემიური კუთხით საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა არ უნდა მოვდუნდეთ, შევასრულოთ რეგულაციები, რათა შემთხვევების ზომიერი მატება შენარჩუნდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს თვეში სამი ახალი კლასტერი გაჩნდა, ვირუსის ახალი შემთხვევების ზრდა მასშტაბური არ ყოფილა.

ეზუგბაიას თქმით, ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური სამსახურის მუშაობა მყისიერი და ეფექტიანია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ეპიდემიური თვალსაზრისით ქვეყანაში საგანგაშო ვითარება არ არის, თუმცა მოდუნების საფუძველი არ გვაქვს.

ეზუგბაია კვლავ ამახვილებს ყურადღებას რეკომენდაციების დაცვაზე, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება.

„შემიძლია შევადაროთ ივლისის და აგვისტოს მონაცემები. ივლისში გვყავდა ახალი 240 დადასტურებული შემთხვევა, ივლისის პერიოდში მხოლოდ ერთი დიდი, გარდაბნის კლასტერი გვქონდა. მასთან იყო დაკავშირებული ლილო, მაგრამ  წყაროდ მაინც ითვლებოდა გარდაბანი. აგვისტოს თვეში დაგვემატა კიდევ სამი ახალი კლასტერი – მესტიის, ქობულეთის და ყაზბეგის. სამი კლასტერის დამატების მიუხედავად, მართალი გითხრათ, დიდი სხვაობა არ არის. ივლისში იყო 240, აგვისტო დამთავრდა, დღეს პირველი სექტემბერია და არის 344 ახალი შემთხვევა.

სამ ახალ კლასტერს არ მოყოლია პაციენტების ძალიან დიდი რაოდენობით გაზრდა, რაც ნიშნავს, რომ ეპიდსამსახურის მუშაობა არის მყისიერი, ძალიან ეფექტიანი. აგვისტოს თვეში გამოჯანმრთლებულების რაოდენობაც სოლიდური იყო. თუ ივლის თვეში იყო 144 გამოჯანმრთელება, აგვისტოს მონაცემებით, 316 გამოჯანმრთელებული გვყავს. აქედან გამომდინარე, საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოვდუნდეთ. ასეთი ზომიერი, კონტროლირებადი მატება რომ შევინარჩუნოთ, აუცილებელია, არსებული რეგულაციები შევასრულოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და დამცველი არის დისტანცია და პირბადეების ტარება. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პირბადის ტარება ჩვენი, ჩვენი ახლობლებისა და ოჯახების დაცვაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.