მარინა ეზუგბაია - დაავადება, რომელსაც „კოვიდ-19“ ჰქვია, არსებობს და ის არ არის მარტივი
მარინა ეზუგბაია - დაავადება, რომელსაც „კოვიდ-19“ ჰქვია, არსებობს და ის არ არის მარტივი

რაც უნდა ვილაპარაკოთ, აზრი გაყოფილია: თითქოს არ არსებობს ეს დაავადება, თითქოს არ არის მძიმე, მაგრამ დაავადება, რომელსაც „კოვიდ-19“ ჰქვია, არსებობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ ახალი კორონავირუსი არ არის მსუბუქად გადასატანი დაავადება და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„საქართველოში ინფიცირებულთა ზომიერი, კონტროლირებადი ზრდაა, რაც პროგნოზირების კარგ იმედს იძლევა. ამის საფუძველი გახლავთ ჩვენი საქციელი. მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ კოვიდდაავადებულები არ გაქრებიან ქვეყნიდან. ამიტომ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ასეთი სიტუაცია, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები: დისტანცირება, პირბადის ტარება, თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავება და ა.შ.

მესმის, რომ ძალიან რთულია, ამდენი თვის განმავლობაში ასეთი კატეგორიულები ვიყოთ ამ მოთხოვნების მიმართ, მაგრამ ეს არის თხოვნა იმისა, რომ დავიცვათ ერთმანეთი, საკუთარი თავი, ჩვენი ოჯახები და ა.შ.“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეგულაციებს დაიცავს და სიფრთხილეს გამოიჩენს, ინფიცირებულთა ზრდა მცირე იქნება.

„რაც უნდა ვილაპარაკოთ, აზრი გაყოფილია: თითქოს არ არსებობს ეს დაავადება, თითქოს არ არის მძიმე, მაგრამ დაავადება, რომელსაც „კოვიდ-19“ ჰქვია, არსებობს. ეს არ არის მარტივი და მსუბუქი დაავადება, უბრალოდ, ალბათ ყველამ გააცნობიერა და თავდაცვა გვაქვს. ძალიან კარგად ვიცით, რომ მძიმედ მიმდინარეობს ასაკოვან ადამიანებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. თუ საკუთარ თავს დავიცავთ და ერთმანეთს არ შევუქმნით საფრთხეს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ასეთი მცირე მატება გვექნება, რომელიც ილუზიას ქმნის, თითქოს ქვეყანაში არ არიან კოვიდინფიცირებულები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.