მარინა ეზუგბაია და თენგიზ ცერცვაძე აცხადებენ, რომ „მთავარ არხს“ მოვლენების არასწორად გაშუქების გამო ბოიკოტს უცხადებენ
მარინა ეზუგბაია და თენგიზ ცერცვაძე აცხადებენ, რომ „მთავარ არხს“ მოვლენების არასწორად გაშუქების გამო ბოიკოტს უცხადებენ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე მარინა ეზუგბაია და კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებენ, რომ „მთავარ არხს“ მოვლენების არასწორად გაშუქების გამო ბოიკოტს უცხადებენ.

როგოც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, „მთავარ არხზე“ გუშინ გავიდა ცილისმწამებლური ინფორმაცია.

„ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელების გამო, ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს“, თუ ისინი არ დატოვებენ ბრიფინგის სივრცეს, არ გავაკეთებ განცხადებებს. „მთავარ არხზე“ გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაცხადებული იყო ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციის გამო, ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, გუშინ „მთავარმა არხმა“ არამარტო დაარღვია ზნეობრივი კოდექსი, არამედ გადალახა წითელი ხაზი.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცილისმწამებლური დეზინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ერთი, ფაქტობრივ ტყუილს, მეორე, შეიცავდა დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის კოლექტივისადმი. ეს კოლექტივი მთელი თვეა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს. ეს კოლექტივი განსაკუთრებული გულისხმიერებით და მაღალი პროფესიონალიზმით აწოდებენ პაციენტებს უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო სერვისებს. ამ კოლექტივზე იმის თქმა, თითქოს ერთი თერმომეტრით უზომავენ სიცხეს პაციენტებს, არის მტკნარი სიცრუე. მათ არამარტო შეურაცხყოფა მიაყენეს ცენტრის კოლექტივს, არამედ საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც დღეს აღენიშნება ან შეიძლება ქონდეს რესპირატორული ინფექციის სიმპტომები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს შენობას, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ის არ ჰგავს ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, აქ მთავარია პერსონალის და ექიმების პროფესიონალიზმი.

„შენობა არ არის ჩვენი კომპეტენცია, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ამ შენობის მეპატრონე. ჩვენი კატეგორიული პოზიციაა, რომ არ ვითანამშრომლებთ „მთავარ არხთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.