მარინა ეზუგბაია - ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა
მარინა ეზუგბაია - ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი იმპორტირებულია, ორ შემთხვევაზე კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელია 81.8.

„გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1 197 შემთხვევა, დაგვემატა ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა და გახდა 1206. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 13-ით და გახლავთ 987. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 81.8 – ია. ამჟამად, კოვიდცენტრებში 240 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
ცხრა ახალი შემთხვევიდან შვიდი არის იმპორტირებული, აქედან სამი პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ ახალ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ამ დრომდე კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

„ჩვენთან გუშინ 40 პაციენტი გახლდათ. სამი გამოჯანმრთელდა, ერთი დაგვემატა და დღეს გვყავს 38 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ისინი ფასდებიან, როგორც საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.