მარინა ეზუგბაია - ვფიქრობ, ქვეყანაში არ იქნება ინფიცირებულების ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ ვითარების სტაბილიზება
მარინა ეზუგბაია - ვფიქრობ, ქვეყანაში არ იქნება ინფიცირებულების ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ ვითარების სტაბილიზება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა, შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს.

ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე საჭიროა.

„როცა ორნიშნა ციფრები გვქონდა, 460-500 საწოლამდე იყო საუბარი, დღეს გახდა სამნიშნა ციფრები და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა. თუ საჭირო იქნება, ავა 3000-მდე. პარალელურად, შეიქმნა სასტუმრო-ჰოსპიტლები, სადაც მოხდება მსუბუქებისა და ასიმპტომურების გადაყვანა. მსოფლიოში გამოცდილება ასეთია, რომ მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების მკურნალობა მიდის ბინაზე. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამ ეტაპზე გვაქვს საშუალება, რომ როგორმე დაავადების პრევენცია მოვახდინოთ, ანუ დაავადების გავრცელება არსებულ სიტუაციაში იყოს მინიმიზებული, რადგან პაციენტების გადაყვანა ნებისმიერ სივრცეში, საკარანტინო იქნება, ჰოსპიტალი, თუ ჰოსპიტლის შემდეგ სასტუმრო ჰოსპიტალი, არის საფუძველი, რომ შემდეგში დაავადების გავრცელება დავბლოკოთ.

ვიდრე შეგვეძლება, სტაციონარში და სასტუმრო სტაციონარში გავაგრძელოთ პაციენტების მოვლა, ასე გაგრძელდება. არა მგონია, ქვეყანაში იყოს ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ სიტუაციის სტაბილიზება, თუნდაც აჭარის სწრაფი ლოკალიზება. დანარჩენები, ხედავთ, ლოკალიზებულია, იმერეთი, გურია, სამეგრელო. მონაცემების განსაკუთრებული ზრდა არ შეინიშნება. ძირითადად, საყურადღებო არის აჭარა, რადგან დიდი მობილობა იყო. აჭარის შემთხვევები მყარია, მუდმივობას ინარჩუნებს და ალბათ მომავალში არა გაზრდისკენ, არამედ შემცირებისკენ წავა. ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე გვჭირდება. არსებობს საწოლების ის რაოდენობა, რაც ამ პაციენტების მართვას უმტკივნეულოდ განახორციელებს. არსებობს სტაციონარები, რომლის გადაკეთება „კოვიდ“-ცენტრებად არ არის რთული, ეს შეიძლება მოხდეს სულ 2-3 დღეში, თუ ამის საჭიროება დადგება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას განმარტებით, სარემონტო სამუშაოების გამო, ამ დროისათვის მხოლოდ ერთი კორპუსი მუშაობს და მაქსიმალურად დატვირთულები არიან.

„ერთ კვირაში 12 ბოქსი დაგვემატება თავისი საწოლებით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ერთი კორპუსით, სადაც არის 15 ბოქსი, სულ მცირე 30 საწოლზეა ლაპარაკი და კიდევ რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება. 35 პაციენტამდე მოვლის საშუალება გვაქვს და გვიწევს 33 პაციენტი, ანუ მაქსიმალურად დატვირთულები ვართ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

გარდა ამისა, ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კოვიდინფიცირებულების მკურნალობის პროტოკოლი არ შეცვლილა.

„პროტოკოლში დიფერენცირებულია მსუბუქი, საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტების მოვლა. ასიმპტომურ პაციენტს არ სჭირდება არანაირი მკურნალობა“, – დასძინა ეზუგბაიამ.