მარინა ეზუგბაია - არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად, ტრადიციული წეს-ჩვეულებებისგან თავშეკავება გვჭირდება, თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ
მარინა ეზუგბაია - არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად, ტრადიციული წეს-ჩვეულებებისგან თავშეკავება გვჭირდება, თორემ მეორე ტალღამდე მატებით წავალთ

აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება, რაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა ახალი კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ გარკვეულწილად შენარჩუნებულიყო არსებული უნარ-ჩვევები. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, აუცილებელია თავყრილობებისგან თავის შეკავება.

„მეორე ტალღა ნიშნავს, რომ რაღაც ერთი ჩათავდება. ჩვენ მეორე ტალღამდე ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება. ამ შენარჩუნებას ვერ შექმნიან ვერც მედპერსონალი, ვერც დაავადებათა ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც თავგამოდებით მოქმედებდნენ, მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლირება, ეს არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე. თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არ არის სწორი, შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ ის არსებული უნარ-ჩვევები, ანუ არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა შევქმნათ თავშეყრილობისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე აუცილებელი მიზეზების გარეშე.  არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთაგან თავის შეკავება გვჭირდება, თორემ მეორე ტალღამდე ჩვენ მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას, მეორე ტალღა კი არ დაიწყება, გაგრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ეს მარტივი არ არის და „კოვიდ-19“ რჩება, ამიტომ აუცილებელია მასთან ერთად ცხოვრების სწავლა.

„არ არის ეს მარტივი, „კოვიდი“ არსად მიდის, ჩვენთან ერთად რჩება და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება, ისე, რომ არ დავიზიანოთ საკუთარი თავი, არ დავაზიანოთ ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები. ვთხოვ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ პრობლემას. არ არის მარტივი სიტუაცია. შეიძლება, ვიღაცისთვის არ ნიშნავს, რომ ეს ინფექცია მძიმე პათოლოგიაა, მაგრამ ასე არ არის. თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, მეორე ტალღამდე ვერ მივალთ, დაგვეწყება მატება, პირდაპირ შევუერთდებით მეორე ტალღას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.