მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი ადამიანი.

„ახალი 13 პაციენტიდან სამის ინფიცირების წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა გაჩიანი, ხუთი არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი არის სამედიცინო პერსონალი და ერთ შემთხვევაზე კონტაქტების და წყაროს მოძიებაზე ეპიდკვლევა გრძელდება.

ჩვენ, ინფექციურ საავადმყოფოში დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ორი და დღეს, დილის მონაცემებით 39 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ ჩვენს ცენტრში. სამი ახალი შემთხვევიდან ორი გახლავთ იმპორტირებული, ერთი – კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. კვლავ რჩევა ორი მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია და არ პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ყველა დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები ხორციელდება.