მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  დილის მდგომარეობით, კლინიკაში 42 პაციენტი იმყოფება.

მისივე განმარტებით, მათგან 22 კორონავირუსით ინფიცირებული პირია.

„როგორც იცით, გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი და დადასტურებული შემთხვევა 21-დან გაიზარდა 22-მდე. ისე ქვეყანაში 25-ია. ეს პაციენტიც არა ახალი წყარო, არამედ არსებული წყაროებიდანაა. როგორც ჩვენ ვიცით, გვაქვს იტალიის ორი წყარო და ერთ-ერთი იტალიის წყაროსგან კონტაქტში მყოფი პირი.

ეს ჯგუფია, სამედიცინო ჯგუფი და იქ არსებული კონტაქტი. ეს არის შემოტანილი შემთხვევების შემდგომში კონტაქტში მყოფი. პირველი პირების დაინფიცირებას ჰქვია პირველი გენერაცია. ჩვენ ჯერ არ გავცილებულვართ პირველ გენერაციას და ეს კარგია. არსებული ოთხი წყარო გვაქვს, ახალი წყარო არ გვაქვს. გუშინ 21 პირის ტესტირება უნდა ჩატარებულიყო. ჩატარდა სამ ეტაპად, პირველი-ორი ეტაპიდან ჩატარებული ტესტირებით მხოლოდ ერთთან იყო დადებითი და 13 უარყოფითი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, ამჟამად კორონავირუსზე ტესტის პასუხებს შვიდი პაციენტის შემთხვევაში ელოდებიან.

„ჩაერთო სხვა დაწესებულებები და აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლს გაეზარდა მუშაობის მოცულობა, მისვლა, აღება, წაღება. ამაზე იხარჯება ბევრი დრო. აქედან გამომდინარე, ეტყობა ორ ეტაპად ვერ ესწრება და სამ ეტაპად ტარდება ტესტირება“, – დასძინა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, მათგან შვიდს პნევმონია დაუდასტურდა.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მაგრამ გარკვეულწილად უკვე რამდენიმე დღეა ვამბობთ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს. პროგრესირება თუ შეჩერდა და დასტაბილურდა, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოზე მძიმეა და არა, როგორც მძიმე. გიდასტურებთ, რომ პაციენტების დაავადების პროგრესირება, მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება პროგრესირდეს, ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ ინფიცირების დღიდან დაახლოებით 13 დღემდე შესაძლებელია, მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ ტენდეცია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის შემთხვევაში, რომელსაც კორონავირუსი 16 დღის წინ დაუდგინდა, ტესტმა აჩვენა, რომ ვირუსის კონცენტრაცია შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობს.

„ჯერჯერობით, ჩატარებულ მე-16 დღეზე ტესტირებით, სუსტად დადებითია პასუხი, რაც ნიშნავს, რომ მართალია ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მაინც არის კონცენტრაცია. ამიტომ საჭიროა გაგრძელდეს მისი მეთვალყურეობა და აღებიდან მაქსიმუმ ოთხ დღეში უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთხელ. მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.