მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთს საფრანგეთის, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვთ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთს საფრანგეთის, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვთ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში ბოლოს გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველა არის შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა.

კერძოდ, ეზუგბაიას განმარტებით, ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს.

ეზუგბაია ამბობს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

„ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არის 73 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 42 არის ჩვენს ცენტრში, 31 დანარჩენ ხუთ კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში, საავადმყოფოებში. სამი ახალი შემთხვევა დღის მეორე ნახევრიდან არის შემომატებული. გუშინ საღამოს შემდეგ კიდევ ახალი სამი შემთხვევა დაემატა, აქედან ორია ჩვენი ცენტრის შემთხვევა, ერთი არ ვიცი ამ ხუთთაგან რომელ დაწესებულებაშია. გუშინ ჩვენს ცენტრში, როგორც ყოველთვის, ორ ეტაპად ჩატარდა ტესტირება, 21 პაციენტზე და ჯამურად სამთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დანარჩენთან ყველა ტესტი იყო უარყოფითი. დღეს დილით 10 პაციენტს აუღებენ ვირუსზე ტესტს. ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით და ორს ამერიკის ისტორია აქვს. ყველა შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევაა. თითოეული პაციენტი, ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ ყველა იყო თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 10 გამოჯანმრთელებულია.