კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა.

„დღეისათვის ყველაზე მეტი შემთხვევა – 342 ისევ აჭარაშია. თბილისში ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეს ცოტათი შემცირდა და 277 შეადგინა. იმერეთში დაფიქსირდა 198 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, გურიაში – 11, შიდა ქართლში – 12, ქვემო ქართლში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე – ჯავახეთში – 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, აქ ამჟამად გახლავთ 62 კოვიდინფიცირებული, უმეტესობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს კრიტიკული პაციენტებიც, მაგრამ ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ამჟამად არ არიან“, – განაცხადა ენდელაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს.