მარინა ენდელაძე - პირბადის ტარება უვნებელია, ვფიქრობ, არ არის ძნელი, I-IV კლასის მოსწავლეებსაც ავუხსნათ, რომ პირბადე საჭიროა
მარინა ენდელაძე - პირბადის ტარება უვნებელია, ვფიქრობ, არ არის ძნელი, I-IV კლასის მოსწავლეებსაც ავუხსნათ, რომ პირბადე საჭიროა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ პირბადის ტარება ბავშვებისთვის უვნებელია და სასურველი იქნება, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებსაც, რომელთათვისაც პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, მიეწოდოთ ინფორმაცია პირბადის საჭიროების შესახებ.

„ბევრი კითხვა-პასუხი იყო, არის თუ არა უვნებელი პირბადის ტარება სკოლაში. დიახ, უვნებელია პირბადის ტარება. აქ არ არის ისეთი დახურული სივრცე, რომ ჟანგბადი და ჰაერი არ შევიდეს პირბადეში. თავიდან ყველას ჰქონდა ალბათ დისკომფორტი და გვიჭირდა, თითქოს სუნთქვაც გვიჭირდა, თითქოს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ უკვე მივეჩვიეთ. ჩემთვის, მაგალითად, რუტინად იქცა, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. თუ კი არის რაღაც პათოლოგია, სადაც არ შეიძლება პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ ექიმის მიერ მიცემული ცნობა და ასეთი ბავშვი არ ატარებს. ვფიქრობ, I-IV კლასის ბავშვებიც ისე განვითარებულები არიან, არ არის ძნელი, მათაც ავუხსნათ, რომ საჭიროა პირბადე და რამდენადაც უფრო მეტი იქნება ეს დაცვის საშუალება, რომელიც პრაქტიკულად ყველაზე უფრო ეფექტურია ამ ეტაპზე, მით უკეთესი იქნება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მშობლებს. პირბადეს თავისი გამოყენების წესი აქვს და ესეც უნდა იცოდეს მოზარდმა და ასევე მასწავლებელმა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა შემთხვევებმა ისევ არ იმატოს და საჭირო არ გახდეს შეზღუდვების გამკაცრება.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ მოგვცა საშუალება, დაანონსებულზე უფრო ადრე გახსნილიყო სკოლაში სწავლა, მაგრამ აქ ისმის უკვე კითხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა შევინარჩუნოთ ეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ისევ არ მოხდეს მნიშვნელოვანი მატება, ისევ არ მოხდეს ჩაკეტვა და რეგულაციების გაღრმავება. ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა სკოლები და ტრანსპორტი. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეს პირველ რიგში, ეხება მშობლებს. თუ კი მოხდება ის, რომ ბავშვს თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომი გამოუვლინდება, არ უნდა გაუშვან სკოლაში. ან თუ ოჯახის წევრს ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი. ასევე, საფრთხილოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მინდა, ვურჩიო ყველას, ძალიან გადატვირთული ტრანსპორტით ნუ იმოძრავებენ. „კოვიდი“ არსად წასულა და ის ჯერ ჩვენთან არის ისევ“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.