მარინა ენდელაძე - კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია, ნიღაბი, დისტანცია ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ
მარინა ენდელაძე - კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია, ნიღაბი, დისტანცია ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება სერიოზულია და ეპიდვითარებას გაფრთხილება სჭირდება.

ენდელაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რეგულაციები დაიცვან და პირბადის ტარება ცხოვრების წესად აქციონ.

„შემთხვევების მატება სერიოზულია. საჭიროა ჩვენი ყურადღებით ყოფნა, ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და ამ რეგულაციების შესრულება. იცით, წერტილოვანი ღონისძიებები ტარდება. უნდა მივხვდეთ, რომ აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვა, რასაც გვეუბნებიან“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 18 663 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 338-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 143-ს შეადგენს.