მარინა ენდელაძე - ახალი კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა ნამდვილად საგანგაშოა
მარინა ენდელაძე - ახალი კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა ნამდვილად საგანგაშოა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა ნამდვილად საგანგაშოა, რადგან ინფიცირებული ქალბატონის მდგომარეობა მივიდა დამძიმებამდე, მანამდე არ მიუკითხავს სამედიცინო დაწესებულებისთვის და სავარაუდოდ, ბევრი კონტაქტი იქნება, – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თითქმის ყველა სხვა შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილი იყო.

„სხვა შემთხვევები განსაკუთრებით თითქმის არ ყოფილა ისეთი, რომელიც დაუშვათ, ვერ გავიგეთ ვისგან იყო, საიდან იყო, მაგრამ აი ეს შემთხვევა ცოტა საგანგაშოდ მიიჩნევა“, – განაცხადა მან.

ამასთან, მარინა ენდელაძის თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ასაკს გადაცილებული პაციენტი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„გვყავს 80 წელს გადაცილებული პაციენტი „კოვიდ-19ით“. ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რომ ძალზედ უარყოფითი დინამიკაა, სტაბილურად მძიმეა, თუმცა ჯერ ვირუსის კლინიკური სიმპტომების გამოვლენის დრო და უფრო მეტად დაშლის პერიოდი მთლიანად დამდგარი არ არის, ანუ მოსალოდნელია ჯერ კიდევ უფრო მეტი დამძიმება. ამ დაავადების დროს პირველ დღეებში შეიძლება, არ იყოს სიმძიმე და შემდგომში მეშვიდე, მერვე და შემდგომი დღეებისთვის უფრო ვლინდება ხოლმე პნევმონიის გართულებები და პნევმონია. პნევმონია მას აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, მძიმე სუნთქვის უკმარისობა, რომელიც საჭიროებს აპარატს, არ არის, თუმცა მიმდინარეობს მკურნალობა“, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობილი გახდა, რომ შუახნის ქალი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.