მარინა ენდელაძე - დიდი ხანია, ვებრძვით და ვიცავთ მის სიცოცხლეს, მაგრამ 86 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
მარინა ენდელაძე - დიდი ხანია, ვებრძვით და ვიცავთ მის სიცოცხლეს, მაგრამ 86 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

„86 წლის პაციენტი უკვე დიდი ხანია ჩვენთან წევს და ძალიან დიდი ხანია, ვებრძვით და ვიცავთ მის სიცოცხლეს, მაგრამ ჯერჯერობით ისევ მძიმეა. ამ მძიმე პაციენტებში ბავშვები ნამდვილად არ არიან. მძიმე ძირითადად არიან 60 წელს გადაცილებულები. 86 წლის ქალბატონი კრიტიკულია. დაწვრილებით ყველა პაციენტის მდგომარეობას ვერ გეტყვით. თავიდან პნევმონია ყველას ჰქონდა, მაგრამ უფრო მსუბუქად გამოხატული, კლინიკური სიმპტომატიკა არ იყო იმდენად გამოხატული. ახლა თანდათან, შეიძლება ასაკობრივმა, შეიძლება გარკვეულწილად გამოვლენის ხანგრძლივობამ განაპირობა მომატებული პნევმონიები“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, ენდელაძის თქმით, არიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყაროც დადგენილი არ არის.

„არიან ადამიანები, რომლის წყაროს ინფორმაციაც არ გვაქვს. ზუსტად რამდენია, არ მაქვს დათვლილი, თუმცა იცით, შიდა გავრცელებაა და არიან ისეთები, რომელთანაც არ დადგენილა პირველწყარო“, – დასძინა მარინა ენდელაძემ.