მარინ ლე პენი – სენატში პირველად ჩამოვაყალიბებთ ჯგუფს, ეს ისტორიული გამარჯვება და მნიშვნელოვანი ეტაპია, შედეგები აღემატება იმას, რისი იმედიც გვქონდა
ისტორიული გამარჯვება და მნიშვნელოვანი ეტაპი, – ასე აფასებს მარინ ლე პენი საფრანგეთის სენატის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანებისა“ და მისი მოკავშირეების მიერ 14 ადგილის მოპოვებას.
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის თქმით, შედეგები მისთვის იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდა.
ლე პენის განცხადებით, შედეგები ცხადყოფს, რომ საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე „ეროვნული გაერთიანების“ პოპულარობა იზრდება.
„ეს ისტორიული გამარჯვებაა და მნიშვნელოვანი ეტაპი: სენატში პირველად ჩამოყალიბდა ჯგუფი. შედეგები აღემატება იმას, რისი იმედიც გვქონდა; გარღვევა ფართომასშტაბიანია, რაც ადასტურებს „ეროვნული გაერთიანების“ საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე დამკვიდრების დაჩქარებას. ჩვენს მოკავშირეებთან, რესპუბლიკის მემარჯვენეების კავშირთან (UDR) ერთად, ჩვენი სენატორები საპრეზიდენტო კამპანიაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ტერიტორიების ხმის გადასატანად და დასაცავად და რამდენიმე თვეში მათ პრიორიტეტებისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრში დასაბრუნებლად. ვულოცავთ ყველა ჩვენს კანდიდატს, ვინც ამ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა“,- წერს ლე პენი.
ცნობისთვის, საფრანგეთში კვირას გამართულ პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ეროვნული გაერთიანება“ და მისმა მოკავშირეებმა სენატში რეკორდული რაოდენობის 14 ადგილი მოიპოვეს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ პარტიის ისტორიაში პირველად, მათ საფრანგეთის ზედა პალატაში საპარლამენტო ჯგუფი შექმნან.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გადალახა 10-ადგილიანი ზღვარი, რომელიც საჭიროა სენატში, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაში, საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად.
კვირას, 27 სექტემბერს, საფრანგეთმა ზედა პალატაში 348 კანონმდებლიდან 178 აირჩია. ეს არჩევნები საფრანგეთში ბოლო იყო 2027 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე. სენატის არჩევნები არაპირდაპირია: სენატორებს ირჩევენ არა მოქალაქეები ეროვნულ კენჭისყრაში, არამედ ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც 93 000-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად მუნიციპალურ მრჩევლებს აერთიანებს. კენჭისყრა ჩატარდა კონტინენტური საფრანგეთის 58 დეპარტამენტში, ასევე კორსიკაში, საფრანგეთის გვიანასა და ოთხ საზღვარგარეთულ ტერიტორიაზე არსებულ ორ დეპარტამენტში.