მარინ ლე პენი - გვაქვს ისტორიული შანსი, მივცეთ საშუალება ეროვნულ მოძრაობას, საფრანგეთი საკუთარ გზაზე დააბრუნოს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი მოუწოდებს მოსახლეობას, დაეხმარონ მის პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებაში.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, მივცეთ საშუალება ეროვნულ მოძრაობას, დააბრუნოს საფრანგეთი საკუთარ გზაზე. ამისთვის ჩვენ უნდა შევძლოთ, გავერთიანდეთ“, – განაცხადა მარინ ლე პენმა მედიასთან საუბრისას.
ლე პენის თქმით, ის შეხვდა სხვადასხვა ოფიციალურ პირს, მათ შორის ულტრამემარჯვენე პარტიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, თავის დისშვილს, მარიონ მარეშალს.
„მე შევხვდი სიის სათავეში მყოფს. ასევე, შევხვდი რიგ სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებიც შეძლებენ ამ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. ამას ელოდებიან ფრანგები ჩვენგან. მათ მკაფიო სიგნალი გაგზავნეს. მათ თქვეს: „ჩვენ გვინდა მიმართულების შეცვლა“. ჩვენ ვეუბნებით მათ: „მოდით, ჩვენ მზად ვართ ამის გასაკეთებლად“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. მარინ ლე პენი მიესალმება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.