მარიკა ზაქარეიშვილი - პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 60 პროცენტი დასაქმებულია
მარიკა ზაქარეიშვილი - პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა 60 პროცენტი დასაქმებულია

პროფესიული განათლება ერთ-ერთი სეგმენტია, რომელიც ყველაზე მდგრადად და სისტემურად ვითარდება საქართველოში. ამაზე მიუთითებს თუნდაც პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზრდასრულთა პროფესიული განათლების სამმართველოს უფროსმა, მარიკა ზაქარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას დღეს განაცხადა.

გადაცემაში თბილისში დაგეგმილი ფორუმის შესახებ ისაუბრეს.  პროფესიული განათლების გერმანულ-ქართული ფორუმი „უნარები საქართველოსთვის“ 15-16 ივნისს გაიმართება.

ზაქარეიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმი პროფესიული განათლების მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური ღონისძიებაა და საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„ეს არის პროფესიული განათლების სისტემის მხარდამჭერი უპრეცედენტო აქცია. მრავალი წელია, ვსაუბრობთ რეფორმასა და პროფესიული განათლების განვითარებაზე და ამ პროცესში გერმანიის მთავრობა დიდი ხანია, მხარს გვიჭერს, ეს იქნება დუალური განათლების კონცეფცია თუ საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემუშავება. გადავწყვიტეთ. გადაგვეკეტა რესპუბლიკის მოედანი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მოვიდეს. ნებისმიერი მსურველს, ვინც გაივლის და დაინტერესდება პროფესიული განათლებით, შეუძლია,  ჩაერთოს. ფორუმის მიზანი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია, რადგან ბევრმა არ იცის, რაში მდგომარეობს პროფესიული განათლების სიკეთე. ეს აქცია უნიკალურია იმით, რომ მხოლოდ განათლების სპეციალისტები კი არ ისაუბრებენ, არამედ ჩართულია ბიზნესიც – ბიზნესასოციაციები და გაერთიანებები. ბიზნესის მონაწილეობა უფრო დამაჯერებელია ადამიანისთვის, რომელიც სამუშაოს ეძებს, სკოლას ან ცხრა კლასს ამთავრებს და სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობს“, – განმარტა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში ბიზნესსაც და პროფესიულ სასწავლებლებსაც თავისი კუთხე ექნება გამოყოფილი და აქცენტი ეკონომიკურად აქტიურ სეგმენტებზე გაკეთდება, როგორიცაა: სამშენებლო, სატრანსპორტო და საინფორმაციო ტექნოლოგიები. მსურველები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, სად რა ტიპის განათლება შეუძლიათ მიიღონ საქართველოში ისე, რომ დასაქმდნენ.

გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა აღნიშნა, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიციები ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ტალანტების კონკურენტუნარიანობის მიმართულებით არასახარბიელოა და რეგიონის უშუალო მეზობელ ქვეყნებსაც კი ჩამორჩება. გალუმაშვილი დაინტერესდა, რას გეგმავს მთავრობა ამ მიმართულების გასაძლიერებლად.

მარიკა ზაქარეიშვილი განცხადებით, პროფესიული განათლება საქართველოში საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდება, უბრალოდ ჯერ სასურველ ნიშნულზე არ არის და ამას სახელმწიფო პროგრამების გარდა მოქალაქეების მენტალური ცვლილებაც სჭირდება, რადგან უმეტესობა ისევ აკადემიური სასწავლებლის დიპლომს ამჯობინებს.

„უფრო ასე დავაყენებდი საკითხს, რომ პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი ის სეგმენტი, რომელიც ყველაზე მდგრადად და სისტემურად ვითარდება საქართველოში. გეთანხმებით, რომ ჯერ არ ვართ იმ ნიშნულზე, რაზეც უნდა ვიყოთ. მისი განვითარების გაზომვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი. თუ შევადარებთ 2013 წელს, სამსახურს ჩვენი კურსდამთავრებულების მხოლოდ 33 პროცენტი პოულობდა. 2018 წლის კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ 60 პროცენტია დასაქმებული“, – განმარტა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება კვალიფიციური კადრების პრობლემის საკითხს, ზაქარეიშვილი  ამბობს, რომ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული იქნება მაღალი კვალიფიკაციის, რაც განაპირობებს შემდეგ მისი დასაქმების მაღალ პოტენციალს.

განათლების სამინისტროს ზრდასრულთა პროფესიული განათლების სამმართველოს უფროსის განმარტებით, სახელმწიფო მნიშვნელოვან ინტერვენციას ახორციელებს პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების გადასაიარაღებლად. გარდა ამისა, იგეგმება კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვა, რომლებიც კვალიფიკაციის მიხედვით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. გაიზრდება რეგიონებში პროფესიულ სასწავლებლებზე წვდომა, რასაც კერძო სასწავლებლებზე სახელმწიფო დაფინანსების გაცემაც შეუწყობს ხელს.

„პირველ რიგში, ყველამ უნდა გაიგოს, რომ პროფესიულ განათლებას სახელმწიფო 100 პროცენტით აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებლებში და პრემიერის ინიციატივით, რომელიც უკვე ძალაშია, კერძო სასწავლებლებსაც დავაფინანსებთ“, – განმარტა მარიკა ზაქარეიშვილმა „ბიზნესპარტნიორში“.