მარიკა ზაქარეიშვილი - პრიორიტეტული პროფესიების მიმართულებით მსურველების გადამზადებაში ბიზნესი სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს
მარიკა ზაქარეიშვილი - პრიორიტეტული პროფესიების მიმართულებით მსურველების გადამზადებაში ბიზნესი სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს

თუ ბიზნესი ეკონომიკის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული პროფესიების მიმართულებით მსურველებს გადაამზადებს, სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზრდასრულთა პროფესიული განათლების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ზაქარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას დღეს განაცხადა.

გადაცემაში თბილისში დაგეგმილი ფორუმის შესახებ ისაუბრეს.  პროფესიული განათლების გერმანულ-ქართული ფორუმი „უნარები საქართველოსთვის“ 15-16 ივნისს გაიმართება. ღონისძიების მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია.

გადაცემის წამყვანები პროფესიული განათლების მიმართულებით სახელმწიფოს სამომავლო გეგმებით და ამ კუთხით ბიზნესთან თანამშრომლობის საკითხითაც დაინტერესდნენ.

მარიკა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ბიზნესი პროფესიული განათლების პროგრამებში სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კუთხით 2013 წელთან შედარებით, ბევრად უფრო მეტ დაინტერესებას იჩენს და სიამოვნებით ერთვება ე.წ. დუალური პროფესიული განათლების პროგრამებში, რომელიც თეორიულ კურსთან ერთად, საწარმოებში პრაქტიკასაც მოიცავს.

„ვაუმჯობესებთ ბიზნესთან ურთიერთობას, რომ მეტი დუალური პროგრამა გვქონდეს და ამისთვის მათი პარქტიკული ბაზები გამოვიყენოთ. 2013 წელს ვეხვეწებოდით ბიზნესს, რომ ყურადღება მოექციათ. დღეს ბიზნესს იმდენად უჭირს პროფესიული კადრების პოვნა, როგორიცაა მაგალითად, ელექტრიკოსი თუ შემდუღებელი, დიდი სიამოვნებით მოდიან დუალურ პროგრამებზე. ერთობლივი კოლეჯიც დავაფუძნეთ მაგალითად, ზესტაფონში. მცირე ფერმერებიც კი, რომლებიც მაინცდამაინც წელში გამართული არ არიან, სასწავლებლად ორ-სამ სტუდენტს მაინც იღებენ და მცირე ხელფასსაც უხდიან, რადგან სჭირდებათ ადამიანური კაპიტალი. ამიტომ ბიზნესი თანამშრომლობაზე მეტად მოდის, ვიდრე ადრე“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზრდასრულთა პროფესიული განათლების სამმართველოს უფროსის თქმით, სახელმწიფომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტები 100 პროცენტით დააფინანსოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროფესიული სასწავლებლებში.

„ჩვენ ვართ ბიზნესის აქტიური პარტნიორი და ბიზნესს აღვიქვამთ როგორც ჩვენს კლიენტს, ზრდასრულთა განათლება სწორედ ამაზეა მორგებული. ბიზნესს ვთავაზობთ, დაგვიკვეთეთ რამდენი ადამიანი გინდათ და რა ლოკაციაში, ჩვენ შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ ჩვენი კოლეჯებით, შეგვიძლია, თქვენ მოგცეთ დაფინანსების ვაუჩერი. ახალი დადგენილებით სახელმწიფო ბიზნესსაც კი აძლევს ფულს, რომ ადამიანი გადაამზადოს. პირველ ივლისს იხსენება ეს ელექტრონული ბაზა, სადაც ბიზნესს თუ სურს, ჰქონდეს სატრენინგო ცენტრი, შეუძლია, საკუთარი პროგრამა შემოიტანოს და თუ ის იმ პრიორიტეტულ პროფესიებში გადაამზადებს, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო გვკარნახობს და, რომელიც მინისტრის ბრძანებით დავამტკიცეთ, ბიზნესი მიიღებს დაფინანსების ვაუჩერს. გარდა ამისა, ტრენინგის კურსების სერტიფიკატი ცარიელი ფურცელი არ არის და თუ სტუდენტს სურს განათლების გაგრძელება, შეუძლია, მიღებული ცოდნა  კრედიტად ჩაირიცხოს“, – განმარტა მარიკა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფო გეგმავს, რომ პროფესიული განათლების წილი ოთხ წელიწადში როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრულ ასაკობრივ ჯგუფებში ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე აიყვანოს, რომელიც 10-12 პროცენტს შეადგენს.

„ოთხი წლის პერსპექტივაში პროფესიული განათლების წილი ახალგაზრდა, 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც დღეის მდგომარეობით მხოლოდ 1.6 პროცენტს შეადგენს, უნდა მივუახლოვდეთ ევროპულ საშუალო მაჩვენებელს და 10-12 პროცენტამდე ავიყვანოთ. ანუ დაახლოებით 40 ათასი ახალგაზრდა იქნება ჩართული პროფესიულ განათლებაში. რაც შეეხება ზრდასრულ მოსახლეობას, იგულისხმება 24 წლის ასაკს ზევით, სადაც დღეის მდგომარეობით პროფესიულ განათლებაში ჩართულობის წილი 1.2 პროცენტია, ოთხი წლის მერე აქაც 12 პროცენტი უნდა იყოს ჩართული“, – განაცხადა მარიკა ზაქარეიშვილმა.