მარიკა არევაძე - ყველას უნდა ჰქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველია
მარიკა არევაძე - ყველას უნდა ჰქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველია

სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შეუსრულებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ომბუდსმენის ინსტიტუციის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრა.

„რეკომენდაციებისა და წინადადების შესრულება/არ შესრულების სტატისტიკა მიუთითებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ არსებულ გამოწვევებზე. ამ გამოწვევების დასაძლევად კი საჭიროა:

ნდობის ამაღლება – ყველას უნდა ჰქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველია;

თანამშრომლობის გაძლიერება – თუ არ მოხდება კონსტრუქციული თანამშრომლობა, გაგრძელდება მხოლოდ საუბარი უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არ მოხდება მისი აღდგენა;

რეკომენდაციების შესრულების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის შემუშავება;

ყველა უფლების მიმართ თანაბარი მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს როგორც საკანონმდებლო, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა“, – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა.

მისივე თქმით, სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიების წარმოება, მოსახლეობის ინფორმირება, თუ როდის და რა შემთხვევაში შეუძლიათ, მიმართონ სახალხო დამცველს.

„აქვე აღსანიშნავია, სახალხო დამცველისადმი მოქალაქეების მიმართვიანობის სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა, რომ წერილობით 6 000-მდე მოქალაქემ მიმართა, ხოლო სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში – 11 000-მდე მოქალაქემ. აღნიშნული სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიების წარმოება, მოსახლეობის ინფორმირება, თუ როდის და რა შემთხვევაში შეუძლიათ, მიმართონ სახალხო დამცველს.

ნდობის საკითხი ასევე აქტუალურია, როდესაც მოქალაქე მიმართავს სახალხო დამცველს, იღებს დასკვნას, თუმცა ამ დასკვნის შემდეგაც არაფერი იცვლება. ეს კი ჯაჭვურ კავშირშია რეკომენდაციების შესრულებასთან და თანამშრომლობის აუცილებლობასთან,“ – განაცხადა მარიკა არევაძემ სიტყვით გამოსვლისას.