მარიკა არევაძე - ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაავალა, კლიენტებს ხელშეკრულების პირობები გააცნონ, მაგრამ ასე არ ხდება
მარიკა არევაძე - ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაავალა, კლიენტებს ხელშეკრულების პირობები გააცნონ, მაგრამ ასე არ ხდება

ჩემი კლიენტების უმრავლესობა სესხის ხელშეკრულების კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ არის, – ამის შესახებ იპოთეკით დაზარალებულთა საქმეებზე მომუშავე ადვოკატმა, მარიკა არევაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მათ უმრავლესობას ხელშეკრულებაში უდევს პირობა, რომლის შესაბამისადაც, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე რეალიზებული ქონება სესხის დავალიანების დაფარვას არ ეყოფა, დავალიანების ამოღება მთელ დანარჩენ უძრავ–მოძრავ ქონებასა და შემოსავალზე გავრცელდება. სამართლებრივად, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ნების გამოვლენა გონივრული განსჯის შედეგად მოახდინოს, რაც სამწუხაროდ, არ ხდება“, – განაცხადა არევაძემ.

როგორც იპოთეკით დაზარალებულთა საქმეებზე მომუშავე ადვოკატმა აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაავალა, რომ კლიენტებს ხელშეკრულების პირობები გააცნონ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. 

მარიკა არევაძემ ასევე აღნიშნა, რომ როცა მოქალაქე ბანკში ხელშეკრულებას კითხულობს, ან მის წასაკითხად ადვოკატი მიჰყავს, ბანკის თანამშრომლების მხრიდან დაცინვის ობიექტი ხდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მსესხებლებმა ხელშეკრულება აუცილებლად უნდა წაიკითხონ, ხოლო თუ ერიდებათ, იურიდიული კონსულტაცია სხვადასხვა ცენტრში უფასოდ მიიღონ.

„დარწმუნებული ვარ, ადამიანებმა წინასწარ რომ იცოდნენ, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში რა ელით, ამ სესხს უბრალოდ არ აიღებენ. თუ გამოუვალი მდგომარეობა აქვთ, იმას მაინც გაითავისებენ, რომ თუ შემოსავალი აღარ აქვთ და პრობლემა დაუდგათ, ადგნენ და უზრუნველყოფით დატვირთული ქონება გაყიდონ, ან გაასხვისონ, სანამ დრო ჯერ კიდევ არის და სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ, ვალი დაფარონ და ახალი საცხოვრებელი იყიდონ“, – განაცხადა მარიკა არევაძემ.