სლოვენიის ქალაქ მარიბორში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც სპორტის 11 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 48 ქვეყნის 2419 ახალგაზრდა (14-18 წლის) სპორტსმენი, გათამაშდება 688 მედალი.
საქართველოდან ცხრა სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი – საგზატკეცილო, ველოსპორტი – სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) 31 სპორტსმენი იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ სლოვენიისთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ყველაზე მასშტაბური მულტისპორტული ღონისძიებაა, რაც კი ამ ქვეყანაში ჩატარებულა.
გახსნის ცერემონია დაიწყო ფესტივალში მონაწილე ოლიმპიური დელეგაციების აღლუმით. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ ძიუდოისტი საბა გველესიანი და სპორტული ტანმოვარჯიშე თინათინ ტყემალაძე.
ცერემონია გაგრძელდა საინტერესო მუსიკალური პროგრამით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშის აღმართვით და ოლიმპიური ცეცხლის ანთებით. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა და სლოვენიის პრეზიდენტმა, ნატაშა პირც-მუსარმა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის და სლოვენიაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები.