მარიამობა სიონის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

12:39, 28.08.2025

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს მარიამობას აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღესრულება.

საზეიმო წირვა გაიმართა სიონის საკათედრო ტაძარშიც. წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა.

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება – უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, მაცხოვრის აკლდამაში ლოცვის დროს მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი გამოეცხადა და ახარა, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. მესამე ჟამს (დაახლოებით დილის 09:00 საათზე), ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა. ღვთიმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონის მთიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. საეკლესიო სწავლების თანახმად, იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმინდა და უბიწო სული ზეცად აამაღლა. რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები სიონის მთაზე გაატარა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებს სიონს უწოდებენ.

მსგავსი