მარიამ შელეგია - ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თუ ვიქნები წარდგენილი, ბევრი ცვლილება განხორციელდება
მარიამ შელეგია - ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თუ ვიქნები წარდგენილი, ბევრი ცვლილება განხორციელდება

თანდათან უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო სისტემა, უნდა შეიქმნას ევროპული მოდელი – ბიომეტრია, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არასამთავრობოების მიერ დასახელებულმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტმა, მარიამ შელეგიამ განაცხადა.

როგორც შელეგია აცხადებს, ძირითადი პრობლემა საარჩევნო მოხელეების დონეა და მის გაზრდაზე მუშაობაა საჭირო.

„მადლობა მინდა, გადავუხადო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც წარადგინეს ჩემი კანდიდატურა. დიდი ხანია საარჩევნო პროცესებში ვარ ჩართული. სამჯერ ჩავაბარე საარჩევნო მოხელის გამოცდა, მაქვს მოქმედი სერთიფიკატი. რამდენიმე ოლქში მქონდა ოლქის წევრად მუშაობის გამოცდილება, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება.

თუ ვიქნები წარდგენილი, ბევრი ცვლილება განხორციელდება. ეს იქნება ბიომეტრიულ არჩევნების ჩატარებაზე გადასვლა, ელექტრონული ხმის მიცემის და ხმის დათვლის პროცედურები. ეს 2020 წლისთვის სავარაუდოდ საპილოტე იქნება და შემდეგ თანდათან დაინერგება მთელს ქვეყანაში.

ძირითადი პრობლემა საარჩევნო მოხელეების დონეა და მის გაზრდაზეა მუშაობა საჭირო. ეს გარკვეულწილად ხარვეზია და ამან 2018 წლის არჩევნებშიც გამოვლინება ჰპოვა. თანდათან უნდა გაუმჯობესდეს სისტემა, უნდა შეიქმნას ევროპული მოდელი – ბიომეტრია“,- განაცხადა მარიამ შელეგიამ.

დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობოებმა სალომე ზურაბიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე, თამარ ჟვანიას გარდა, კიდევ სამი კანდიდატურა შესთავაზეს.