მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრთან როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

16:11, 23.07.2025

უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ილჰომ მაჰკამოვთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შედგა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში, მათ შორის, როგორებიცაა ტრასეკა, შუა დერეფანი, კარეკი და სხვ.

„მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგას გააცნო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, მათ შორის, საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალს, თბილისის ახალ აეროპორტს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს და სხვ. გარდა ამისა, ასევე ყურადღება გამახვილდა არსებულ საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესაძლებლობაზე, რომელთაც მეტი ტვირთის მომსახურება შეუძლიათ უზბეკეთიდან“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის უზბეკეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და თანამშრომლობა არაერთ სექტორს მოიცავს.

„ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო აქტიურად განვავითაროთ ურთიერთობები ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. ჩვენი საპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მზადაა, მეტად იყოს გამოყენებული ევროპის ბაზარზე უზბეკური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვაშენებთ რეგიონული მნიშვნელობის ობიექტებს ანაკლიაში, თბილისსა და სხვაგან, სადაც ასევე მივესალმებით ინვესტიციებსა და ეკონომიკურ ინტერესს უზბეკეთიდან“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება უზბეკეთიდან საქართველოს ლოგისტიკის სექტორსა და ინდუსტრიულ ზონებში მეტი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთის მხარე დაინტერსებულია, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფნის გავლით 1,5 მლნ ტონამდე. უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ აქტივობებზე, რომლებსაც უზბეკეთი გეგმავს შუა დერეფნის პოპულარიზების მიმართულებით. მან ქართველი კოლეგა სექტემბერში მიიწვია მაღალი დონის მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დროსაც განხილული იქნება ჩინეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით რეგიონული მასშტაბური სარკინიგზო პროექტისა და შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხები. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს ეწვევა სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა უზბეკეთთან სამოქალაქო ავიაციის სფეროში შეთანხმების ლიბერალიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს ფრენების სიხშირეებისა და მგზავრთნაკადის ზრდას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში.

„ასევე ყურადღება გამახვილდა უზბეკეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე. როგორც აღინიშნა, ზრდადია საქართველოში უზბეკეთიდან ვიზიტორების ჩამოსვლის დინამიკა – 2024 წელს მატებამ – 23,4 პროცენტი, 2025 წლის ექვს თვეში კი 14,5 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც საქართველოში 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.

მსგავსი