მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ახალ იმპულსს აძლევს სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული კავშირების გაღრმავებას.
„შეხვედრის ფარგლებში ჩინეთის ელჩმა მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში დაგეგმილ მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე მიიწვია. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მიწვევისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.