მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა და მასთან ერთად ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხები განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოებას და ინვესტიციების ხელშეწყობას. აღინიშნა, რომ ფრანგული კომპანიების მხრიდან დიდია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სექტორებში.  დასასრულს, გამოითქვა მზადყოფნა, რომ მხარეები გაააქტიურებენ საქმიანობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.