მარიამ ქვრივიშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა
მარიამ ქვრივიშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა

ახალი გაიდლაინებისა და წესების შემოღებასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესში მოღვაწე სხვადასხვა ასოციაციის, კულინართა ფედერაციისა და შეფმზარეულთა წარმომადგენლებთან ერთად, კვების ობიექტებისათვის შემუშავებული ახალი რეგულაციები დეტალურად განიხილა.

ონლაინფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

„საქმიანი ფორმატის სამუშაო შეხვედრაზე მოხდა ორივე მხარეს შორის მოსაზრებების გაცვლა, საკითხის გარშემო მიღებულ იქნა უკუკავშირი კერძო სექტორისგან. ტურიზმის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად მოხდეს რეგულაციების შემუშავება, რათა ორივე მხარის პოზიციები იყოს გათვალისწინებული გაიდლაინების დამტკიცებამდე“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მსჯელობა შედგა რესტორნებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში სოციალური დისტანცირების საკითხზე, კვებისა და დასუფთავების ახალ რეგულაციებზე, სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ახალ ნორმებზე.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს სამუშაო რეჟიმში აქტიური ჩართულობისა და რეგულაციების შემუშავებისას შეტანილი ღირებული წვლილისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და პირდაპირი დიალოგი, რათა ახალი რეგულაციები იყოს მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის აღსრულებადი და ამავდროულად უსაფრთხოების გარანტი. რეგულაციები გასაჯაროვდება მომდევნო კვირაში ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოო დასტურის შემდგომ. მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებს, სურსათის უვნებლობასა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს ტურიზმის ინდუსტრიის პოზიციების გათვალისწინებისთვის. გრძელდება თემატური სამუშაო შეხვედრები ტურიზმის სხვადასხვა დარგთან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ანალოგიური შინაარსის სამუშაო ფორმატის შეხვედრები მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორთან გამართა.