მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში, საქართველოს ბანკის FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

14:58, 06.05.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის, როგორც Lion Finance Group-ის წევრი კომპანიის, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ცერემონიაში.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ფაქტის აღსანიშნავად ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე ზარის დარეკვით დაიხურა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბანკი პირველი კომპანია გახდა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორი გამოირჩევა ფართო რეგიონში სიჯანსაღით, სტაბილურობით, მდგრადობითა და მაღალი ლიკვიდურობით, რასაც ადასტურებს ინვესტორთა ნდობა, საფინანსო სექტორის ძირითადი მაჩვენებლები და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები.

„საქართველო დღეს ღიაა ინვესტირებისთვის და საერთაშორისო კაპიტალს სთავაზობს სტაბილურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესმეგობრულ გარემოსა და განვითარებულ საფინანსო ინფრასტრუქტურას. ამდენად, როგორც საქართველოს ბანკის, ისე სხვა ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ სანდოობას საქართველოს ეკონომიკისადმი“,  – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი