მარიამ ქვრივიშვილმა „იუესეიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამართული ვებინარის მონაწილეებს ტურიზმის გახსნის ეტაპები გააცნო
მარიამ ქვრივიშვილმა „იუესეიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამართული ვებინარის მონაწილეებს ტურიზმის გახსნის ეტაპები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ონლაინ ვებინარი გაიმართა სახლწოდებით – „როგორ დავუბრუნდეთ ბიზნესს ტურიზმის სფეროში“.

სესიას პირდაპირ ეთერში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი „სთორი თელინგის“ აპლიკაციის „სტელერის“ წარმომადგენლები პიტერ ბრაიანტი და რიჩარდ ბენგსი უძღვებოდნენ.

დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა და USAID-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა.

„მინდა სიამაყით გითხრათ, რომ საქართველო პირველია, რომელიც ტურისტებისთვის ქვეყანას ხსნის. 15 ივნისს იწყება შიდატურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დიდ წვლილს შეიტანს ბიზნესის ამოქმედებაში. განსაკუთრებით კი მათთვის არის მნიშვნელოვანი ვინც რეგიონებში საქმიანობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შიდა ტურიზმის გახსნა დამატებით შემოსავალს მოუტანს სასტუმროებს, გესთჰაუზებს, ჰოსტელებს, სატრანსპორტო კომპანიებს, გიდებს, კვების ობიექტებს და ა.შ. პირველი ივლისი კი, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. ჩვენ ვუმასპინძლებთ საერთაშორისო მოგზაურებს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე თვე დაეთმობა მოსამზადებელ სამუშაოებს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვებინარის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა გააცნო.

„მინდა გითხრათ სიამაყით, რომ საქართველო ერთ-ერთია სხვადასხვა ქვეყნებს შორის, რომელიც პირველი დაეხმარა ტურიზმის ინდუსტრიას. დახმარების პირველი პაკეტი მარტში, მეორე კი აპრილში მომზადდა. როგორც იცით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სახსრები, რაც ტურიზმის ინდუსტრიას სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ვებინარზე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორთან მიმდინარე დიალოგის და უსაფრთხოების იმ წესების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მოხდება ტურისტების მიღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავწერეთ გეგმა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმის ინდუსტრია, რა იქნება სავალდებულო კერძო სექტორისთვის ბიზნესის ოპერირებისას. ეს კეთდება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით. ჩვენი მისია ძალიან მკაფიოა. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვმუშაობთ გაიდლაინების ფორმირებაზე. ტურიზმის სექტორის ყველა სეგმენტთან ვმართავთ დიალოგს, რომ ვუზრუნველვყოთ კერძო სექტორის მოთხოვნების გათვალისწინება. ჩვენი მიზანია მივიღოთ უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად კერძო სექტორისთვის არ იყოს დამატებითი შეფერხება, რომ მათ სრულყოფილად გააგრძელონ საქმიანობა.ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. მწვანე ზონების შექმნაზე. საუბარია სხვადასხვა კურორტებზე და ჩვენ იმედი გვაქვს კერძო სექტორი ძალიან პროდუქტიულად შეასრულებს ყველა სამუშაოს მათი მხრიდან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო არეალზე საქართველოს ძალიან დიდი აღიარება აქვს ბოლო თვეებში COVID-19 წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.

„ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ საქართველო წარმოჩნდეს როგორც ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ჩვენ, ტურიზმის ინდუსტრიას გვმართებს ისეთი სიფრთხილე როგორც არასდროს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია საფრთხის შემცველი გახდეს როგორც სექტორში ჩართული მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. სწორედ ამიტომ ვქმნით უსაფრთხო დერეფნებს. ეს არის სამუშაო პროცესი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს კარგი უკუკავშირი სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ თავიანთი მოქალაქეებისთვის სამოგზაურო რეკომენდაციის მიცემისას. ამ ქვეყნებთან გვაქვს ძალიან პოზიტიური შედეგები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 18 საერთაშორისო ავიაკომპანია ადასტურებს მზაობას დაბრუნდეს ქართულ ავიაბაზარზე.

ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები მიღებული აეროპორტების და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით, თუმცა ამავდროულად ჩვენ ერთ საათზე მეტს არ დავაყოვნებთ მოგზაურებს. ყოველივე ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს გვეხმარება , წარმოვაჩინოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულება ვართ მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.