მარიამ ქვრივიშვილმა Global Blue-ს ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ბაზარზე კომპანიის შემოსვლის შესაძლებლობა განიხილა
მარიამ ქვრივიშვილმა Global Blue-ს ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ბაზარზე კომპანიის შემოსვლის შესაძლებლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო კომპანიის, Global Blue-ს ვიცე-პრეზიდენტს, ხალილ აჩკარს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში Tax Free Shopping-ისა და გადახდის ტექნოლოგიების სფეროში.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე, სამოქალაქო ავიაციაზე, რითეილსა და სხვა მომიჯნავე სექტორებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში აქტიურად ინერგება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტი, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორის მოზიდვას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილური განვითარებიდან, აგრეთვე ტურიზმისა და მისი მომიჯნავე დარგების დამატებული ღირებულების ზრდადი დინამიკიდან გამომდინარე, Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. ასევე ითქვა, რომ აღნიშნული გააძლიერებს საქართველოში ტურიზმის ეკონომიკურ ეფექტს, რადგან Tax Free სერვისების გლობალური სტანდარტები ტურისტების დანახარჯებს ზრდის.

შეხვედრა ხაზი გაესვა, რომ Global Blue-ს საქართველოში ოპერირების დაწყება დადებითად იმოქმედებს რითეილის სექტორზეც – ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე მეტი პრემიუმ ბრენდების შემოსვლას განაპირობებს, ასევე პოზიტიურად აისახება ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე. შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.