მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, პატრიკ ფრანცენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა და სხვა საკითხები განიხილეს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის შესახებაც ისაუბრეს.

ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

„საქართველოში შვეიცარიის ელჩთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა. მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობა, პირდაპირი ავიარეისების ოპერირება და უსაფრთხო დერეფნების შექმნა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საერთო პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია საქართველოში, საუბარი შედგა ტურიზმის საგანმანათლებლო პროექტების დანერგვაზე. ელჩმა გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა. ვფიქრობთ, კერძო სექტორის მხარდასაჭერად ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელება შეიძლება“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ელჩის განცხადებით, შვეიცარიასა და საქართველოს უამრავი საერთო აქვთ, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.

„დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ტურიზმის სექტორში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებით განათლების კუთხით და ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონებში, საგანმანათლებლო ტურიზმის სფეროში შვეიცარიული ნოუ-ჰაუს დანერგვის შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, როგორ ვუმკლავდებით კორონავირუსის კრიზისს. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და მოვახდინეთ იმ მიმართულებების იდენტიფიცირება, რის შესახებაც გვაქვს საერთო ინტერესები და სამომავლოდ, ვგეგმავთ თანამშრომლობას ტურიზმის მიმართულებით, პოსტკოვიდურ პერიოდში“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.