მარიამ ქვრივიშვილმა აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო პროექტები გააცნო
მარიამ ქვრივიშვილმა აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო პროექტები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აჭარაში არსებული განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ბათუმში გამართულ შეხვედრას ტურისტული სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.

მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს 2025 წლის ტურიზმის სტრატეგია და ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები გააცნო. მიმდინარე პროექტებისა და ზაფხულის სეზონის მზადების შესახებ ისაუბრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

„დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა კერძო სექტორთან. ვისაუბრეთ, თუ როგორ გავზარდოთ სეზონურობა აჭარაში, როგორ გავხადოთ აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ცნობადი. ასევე, ვისაუბრეთ 2025 წლის სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც, უნდა მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია. როგორც იცით, 2015 წელს ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან წილი 91% იყო. ჩვენი მიზანია, 2025 წელს ტრადიციული ბაზრების წილი 70%-ამდე ჩამოვიდეს, ხოლო მაღალმხარჯველუნარიანი ბაზრების კი, 30%-მდე გაიზარდოს. ამიტომ, ბევრად უფრო აქტიურები ვხდებით ევროკავშირის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, დაინიშნოს მეტი რეგულარული ავიარეისი ევროპის მიმართულებით. ასევე, გვინდა, უახლოეს წლებში ძლიერი პოზიციები გვქონდეს იაპონიისა და ჩინეთის ტურისტულ ბაზრებზე”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.