მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო – ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომისიას ყირგიზეთის მხრიდან თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი ბაკიტ სიდიკოვი.
„მარიამ ქვრივიშვილმა გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ყირგიზეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ნათლად ასახავს თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ცენტრალური აზიის რეგიონთან, მათ შორის ყირგიზეთის რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის თქმით, სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო მზად არის, უზრუნველყოს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობა და გახდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის გასასვლელი ცენტრალური აზიის რეგიონისთვის.
მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და საინვესტიციო პოტენციალზე. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ აზიასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცებაში შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სტრატეგიულ ინვესტიციებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ავითარებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
სხდომაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის ისეთ რეგიონულ ფორმატებში, როგორიცაა TRACECA და CAREC – ის პროგრამები. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის როლს, ასევე აღინიშნა, რომ ყირგიზეთი წარმოადგენს პერსპექტიულ და სულ უფრო მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს საქართველოსთვის, საიდანაც ვიზიტორთა ნაკადი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორში, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია.
კომისიის სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა. სხდომაში საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.