მარიამ ქვრივიშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყაზახეთიდან საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს
მარიამ ქვრივიშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყაზახეთიდან საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს

ყაზახეთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ჩვენ ვაწარმოებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას, რათა ამ ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ყაზახეთში პოპულარული ბლოგერების მოწვევა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების გაცნობა ამ კამპანიის ნაწილია. ამასთან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში იმისთვის, რომ მეტმა ყაზახმა ტურისტმა იმოგზაუროს საქართველოში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის ხუთი ქალაქიდან კვირაში 20 რეგულარული რეისი ხორციელდება, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 31-მდე გაიზრდება

ქვრივიშვილის განცხადებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ყაზახეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,5 პროცენტით გადააჭარბა და ეს დინამიკა ზრდადია.

„ყაზახეთში ტურისტების რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეს დინამიკა ზრდადია და 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ყაზახეთიდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22,5 პროცენტით გადააჭარბა, შეგვიძლია ამ ბაზარზე უფრო უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები და შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს ყახაზეთში საქართველოში ტურისტად ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფო-ტურის ფარგლებში ბლოგერებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კახეთში ვიზიტით. კერძოდ, ისინი მოინახულებენ სიღნაღს, გაეცნობიან ადგილობრივ კულინარიას, ესტუმრებიან ლოპოტას ტბას. ტურის პარალელურად ბლოგერები მოამზადებენ საქართველოს ბუნების, კულტურის, სამზარეულოსა და ქალაქების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა. ინფო-ტურის მიზანია ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.