მარიამ ქვრივიშვილი - ყველაფერი კეთდება, რათა ნებისმიერი საკითხი, რომელმაც შეიძლება, ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საფრთხე შეუქმნას, სწრაფად გადაწყდეს
მარიამ ქვრივიშვილი - ყველაფერი კეთდება, რათა ნებისმიერი საკითხი, რომელმაც შეიძლება, ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საფრთხე შეუქმნას, სწრაფად გადაწყდეს

ყველაფერი კეთდება, რათა ნებისმიერი საკითხი, რომელმაც შეიძლება, ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს საფრთხე შეუქმნას, სწრაფად გადაწყდეს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა მარიამ ქვრივიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ უნდა მოგვარდეს ბოშებთან დაკავშირებული პრობლემა, როდესაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს თავს ესხმიან.

„აღნიშნულის შესახებ გვაქვს ინფორმაცია არა მხოლოდ როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, არამედ ყველა შესაბამის უწყებას. მინდა, ხაზგასმით ვისაუბრო ამ თემაზე, რადგან ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ეს არის საკითხი, რომელზეც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ არ ვართ ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხშია ჩართული. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, მიმართულება, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს, შესაბამისი პრობლემის მოგვარების გზების მოძიება და პრევენციული აქტივობების განხორციელებაც ხდება. თქვენ და გიდები ხშირად ხვდებით ფეხით მოსიარულე პატრულის თანამშრომლებს.

ტენდენცია ის არის, რომ საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულმა სტრუქტურამ ჩვენთან კოლაბორაციითა და თანამშრომლობით მყისიერი მობილიზება გააკეთა. შესაბამისად, ეს ყოველდღიური რეჟიმია და განსაკუთრებით უფრო მეტად კონტაქტზე ვიმყოფებით იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნული საკითხის მომსწრენი იყვნენ. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება, რათა სწრაფად და ეფექტურად მოხდეს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა. ერთ დღეში ვერ წყდება მსგავსი პრობლემები. მსოფლიოში უამრავი ქვეყანა არსებობს, სადაც მსგავსი სახის პრობლემას აწყდება ქვეყანა ისევე, როგორც ტურიზმის სექტორი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ეს არის პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე მუშაობენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.