მარიამ ქვრივიშვილი - ყირგიზეთში ვისაუბრეთ შუა დერეფნის შესაძლებლობებზე, მნიშვნელოვანია ყირგიზეთის, ჩინეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო ხაზით დაკავშირება, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ჩვენს კოლეგებთან, ისევე როგორც ლიდერებს შორის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა განხორციელებაც საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ქვეყნებს შორის მზარდია ვაჭრობა. ზოგადად, ჩვენსა და ყირგიზეთს შორის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით. ამავდროულად, ბევრი ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს უშუალოდ შუა დერეფნის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგია, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს უშუალოდ საპორტო, ისევე როგორც სხვა სარკინიგზო, ისევე როგორც სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ქვეყნის სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით რკინიგზის მოდერნიზაციასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას აქტიურად აგრძელებს, ხოლო ყირგიზეთ-ჩინეთ-უზბეკეთის ახალი სარკინიგზო მარშრუტი შუა დერეფანში ტვირთნაკადების ზრდას და საქართველოს სატრანზიტო როლის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ძალიან დიდ რესურსს ვდებთ იმისთვის, რომ საქართველოს ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა წლიდან წლამდე გაიზარდოს. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ძალიან დიდი გეგმა გვაქვს, რათა უახლოესი წლების განმავლობაში საგრძნობლად გავზარდოთ არსებული ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა და, მათ შორის, შევამციროთ გადაკვეთის და მოძრაობის და მობილობის დრო და პერიოდი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება სარკინიგზო ხაზით დაკავშირება ამ სამი ქვეყნის. ეს პირდაპირპროპორციულად დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, რადგან ეს მარშრუტი შეუერთდება შუა დერეფნის ამ მთლიან კონტექსტს და აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, შეიძლება დღეს თამამად ითქვას, რომ დაახლოებით 2031 წლიდან საგრძნობლად მოიმატებს შუა დერეფანში ტვირთნაკადი და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა მზად დახვდეს აღნიშნულ ინიციატივას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.