მარიამ ქვრივიშვილი – ვაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის გააქტიურებას და ახალი ინსტრუმენტების შექმნას, მომდევნო წლის დასაწყისში საზოგადოებას ახალ ხედვებს გავაცნობთ
რა თქმა უნდა, სტანდარტულად, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის გააქტიურებას და ახალი ინსტრუმენტების შექმნასაც, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ალბათ მომდევნო წლის დასაწყისში ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ იმ ახალ ხედვებს, რომელიც ინსტიტუციურად ჩვენს სამინისტროში შეიქმნება, რომელიც იქნება სრულად მიმართული, რომ გაიზარდოს სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რათა, პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოთ ქართული ინვესტიციების ზრდა საქართველოში, წარმოების ზრდა და, მეორე მხრივ, დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს, რომ ქართული პროდუქცია შიდა მოხმარებაში იზრდებოდეს, ასევე საექსპორტო პოტენციალის განვითარებაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ამ განცხადებით მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტები და გეგმები მომავალი წლისთვის?
მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, კვლავ არის ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმართულება, ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სექტორი და, რა თქმა უნდა, საავიაციო ინდუსტრია.
„ჩვენ წელს გვაქვს ხელშესახები ძალიან წარმატებული შედეგები, რეკორდული მაჩვენებლები ფაქტობრივად იმ ძირითად სექტორებში, რომლებიც ტრადიციულად ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაში და დარწმუნებული ვართ, იმ დინამიკით და გეგმებით, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს უშუალოდ ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით, მომავალი წელი იქნება განსაკუთრებით წარმატებული; ჩვენ ვიხილავთ ახალ ინვესტიციებს, ახალ პროექტებს, ახალ ინიციატივებს, რომლებიც ყოველწლიურად და მომავალ წელსაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.