მარიამ ქვრივიშვილი - უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ქვეყნებს შორის ვაჭრობის, სექტორული ინვესტიციებისა და ტურისტული სეგმენტის გაზრდის შესაძლებლობები განვიხილეთ
მარიამ ქვრივიშვილი - უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ქვეყნებს შორის ვაჭრობის, სექტორული ინვესტიციებისა და ტურისტული სეგმენტის გაზრდის შესაძლებლობები განვიხილეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბახტიორ საიდოვმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განიხილეს, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ტრანსპორტი და საერთაშორისო მარშრუტები, ლოგისტიკა, ტურიზმი, ავიაცია და ა.შ.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის დელეგაციას გააცნო საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკური მაჩვენებლები და ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ქვეყანა ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რეკორდულ მაჩვენებლებს ტურიზმის, დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების კუთხით. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს უპირატესობებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, მათ შორის, დაბალ გადასახადებს, წვდომას ძირითად საერთაშორისო ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მეშვეობით, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მაღალ შეფასებებს და პროგნოზებს, რომლის მიხედვით, 2025 წელს საქართველო გლობალურად იქნება ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს გარემოებები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა უზბეკი ინვესტორებისთვის, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დაინტერესდნენ პროექტების განხორციელებით პრიორიტეტულ სექტორებში, როგორებიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.

„ჩვენი ამოცანაა, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, ურთიერთობები ბიზნესებს შორის, სექტორული ინვესტიციები და ტურისტული სეგმენტი – ამის მისაღწევად განვიხილეთ ურთიერთთამშრომლობის განვითარების სხვადასხვა პლატფორმების შექმნის შესაძლებლობები. უახლოეს პერიოდში იგეგმება ჩვენი ვიზიტიც უზბეკეთში, სადაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ დღის წესრიგის შესრულებისა და, ზოგადად, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაც მარიამ ქვრივიშვილმა და ბახტიორ საიდოვმა განიხილეს, იყო თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროსა და შუა დერეფნის ფარგლებში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, ქვეყანა ჩართულია დაკავშირებადობის სხვადასხვა ინიციატივაში, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპასა და აზიას შორის მოკლე და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას, მათ შორისაა: TRACECA, ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი და CAREC. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ფოთისა და ბათუმის ორი მრავალფუნქციური პორტით, სუფსისა და ყულევის ნავთობტერმინალებით, კარგად ინტეგრირებული სახმელეთო და სარკინიგზო ქსელით და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოს შეუძლია, კიდევ უფრო გაზარდოს თავის როლი და მნიშვნელობა შუა დერეფნის განვითარებაში.

უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. 2025 წლის იანვარ-მაისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი 46 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ, 2024 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო-უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ით იყო გაზრდილი. მზარდია უზბეკეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობაც, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა უძრავი ქონება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და ვიზიტორთა ზრდის დინამიკა. უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.