მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

11:15, 10.11.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრები მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალურ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც თურქეთის მიერ არის ინიცირებული. ის მიზნად ისახავს, გაერო-ს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან და გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან თანამშრომლობით, ახალი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მდგრად განვითარებასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ინიციატივა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, სუფთა ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ციფრული და მულტიმოდალური კავშირების განვითარება, ასევე მწვანე პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.

გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის ენერგეტიკისა მინისტრებთან ერთად, „აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ მოაწერს ხელს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი